Thursday, May 16, 2013

საზაფხულო სკოლის მონაწილეების შერჩევა



„სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი“ და „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ აწყობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“.
ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველოს ეროვნულ არქივი, 2013 წლის 17-23 ივლისი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 15 მონაწილე, მათ შორის უცხო ქვეყნის 10 და საქართველოს 5 მოქალაქე. საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
წამყვანი ქართველი სპეციალისტები 7 დღეში მონაწილეებს ჩაუტარებენ 23 ლექციას, რომლებიც დაიყოფა 5 მოდულად: დემოკრატიული ინსტიტუტები; რესპუბლიკა და უცხოეთი; სამხედრო საქმე; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პრაქტიკა. საზაფხულო სკოლის დროს გათვალისწინებულია კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება. მონაწილეები გაეცნობიან საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას.
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი იყო ამიერკავკასიის ცენტრი და დედაქალაქიც კი (ამიერკავკასიის რესპუბლიკის დროს), ძირითადი საარქივო მასალა თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ არქივში. გარდა ამისა, დოკუმენტების უმრავლესობა უცნობია სომეხი, აზერბაიჯანელი და, განსაკუთრებით, ევროპელი მეცნიერებისათვის, რაც აისახება მათ კვლევებში არსებულ რიგ წინააღმდეგობებზე. ევროპელი მეცნიერების დასკვნების უმეტესობა ეყრდნობა ევროპულ არქივებში დაცულ მასალებს, რაც ყოველთვის რეალურად არ ასახავს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ამასთანავე, ქართველ მეცნიერებს დიდი ხნის მანძილზე არ მიუწვდებოდათ ხელი დასავლურ საარქივო მასალებზე. საზაფხულო სკოლის მიზანია შეკრიბოს წამყვანი ექსპერტები, უცხოელი და ქართველი მკვლევარები და სტუდენტები რომლებიც ლექციების შემდეგ სხვადასხვა პრობლემას მრგვალ მაგიდასთან განიხილავენ.
საზაფხულო სკოლა იწვევს საკითხით დაინტერესებულ საქართველო მოქალაქეებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ, ან სწავლობენ საქართველოს, კავკასიის ხალხთა, პოლიტოლოგიის, წყაროთმცოდნეობის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით. აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტები, მკვლევარები, სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე მოწვეულნი არიან პროექტში მონაწილეობისათვის.
მონაწილეთა ინდივიდუალურ აპლიკაციებს განიხილავს ეროვნული არქივის თანამშრომლებისაგან და მოწვეული ექსპერტებისაგან შემდგარი საზაფხულო სკოლის სამეცნიერო საბჭო. საბჭო იტოვებს უფლებას, გაესაუბროს აპლიკაციის შემომტან საქართველოს მოქალაქეს. 

მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ფაილის ჩამოტვირთვა). ელექტრონული ფოსტის მისამართზე: summerschool@archives.gov.ge

აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა 2013 წელი, 30 ივნისი, 24:00 თბილისის დროით. სამეცნიერო საბჭო დააკმაყოფილებს ან უარს ეტყვის აპლიკანტს მონაწილეობაზე, რის შესახებაც თითოეულ აპლიკანტს ეცნობება 2013 წლის 10 ივლისამდე.
გისურვებთ წარმატებებს!

საქართველოს ეროვნული არქივის ვებსაიტი: http://archives.itdc.ge/ge/home
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებსაიტი: http://rustaveli.org.ge/index.php
პროექტის ვებსაიტი უცხოეთის მოქალქეებისათვის: http://archivesummerschool.blogspot.com/

No comments:

Post a Comment